საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს პოლიტიკური სპექტრი აფასებს. ოპოზიციის ნაწილი კვლევის შედეგებს იზიარებს და აცხადებს, რომ საზოგადოებაში არსებული ტენდენციები კარგად გამოჩნდა. IRI-ის მორიგი საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მთავარ გამოწვევად ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს. ორგანიზაციამ ასევე კვლევა ჩაატარა სხვადასხვა მიმართულებით და გამოჰკითხა მოქალაქეები, რას ფიქრობენ ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. გამოკითხულთა უმეტესობა – 85% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ინსტიტუტების მხარდაჭერაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს არმიას, საპატრიარქოს და პოლიციას.
კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, 34 პროცენტი მხარს უჭერს, 34 პროცენტი წინააღმდეგია.
რაც შეეხება პარტიების რეიტინგებს, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, 25 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, 12 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა ხმას, 3 პროცენტი აქვთ გიორგი გახარიას და ზურაბ ჯაფარიძის პარტიებს, 2 პროცენტი ხმას მისცემდა, გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილის, ანა დოლიძის, ირმა ინაშვილის პარტიებს და „გირჩს“. ერთი პროცენტი აქვთ „ლელოს“ და ალეკო ელისაშვილს. მარტის კვლევებთან შედარებით, 42 პროცენტამდე გაიზარდა მაჩვენებელი კითხვაზე, სჯერათ თუ არა რომ სულ მცირე ერთი პარტია მაინც გამოხატავს გამოკითხულთა ინტერესებს.
რაც შეეხება მეთოდოლოგიას, კვლევა 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა და გამოიკითხა 1500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი პლუს მინუს 2,5 პროცენტია. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.