„ბიზნესქრონიკისა“ და „ბიზნესი იმედზე“ წამყვანი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს. ირაკლი წულაია აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ მას გადაცემები მას შემდეგ დაუხურა, რაც ირაკლი კობახიძის მისამართით სოციალურ ქსელში კრიტიკული შინაარსის განცხადება გაავრცელა. როგორც წულაია ყვება, მის განცხადებას უკმაყოფილება მოყვა „ქართულ ოცნებაში“ ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მხრიდან. შემდეგ იყო ზარი ტელეკომპანიის დირექტორის მხრიდან, რომელმაც წამყვანს პოსტის წაშლა სთხოვა, უარის შემდეგ კი, ფინანსური კრიზისის მიზეზით, მისი ორივე გადაცემა დაიხურა, მისი გუნდის 25-მდე წევრი კი უმუშევარი დარჩა. ირაკლი წულაია აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მის გადაცემებს ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი ეკონომიკურ გადაცემებს შორის. ყოფილი წამყვანი აცხადებს, რომ ზეწოლა არ დასრულებულა და ახლა მისი ოჯახის წევრებს მოუწოდებენ სამსახურის დატოვებისკენ. წულაიამ ქვეყნის დატოვება არ გამორიცხა, რათა მის ოჯახზე ზეწოლა შემცირდეს. „იმედის“ გენერალური დირექტორი კი ბრალდებებზე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, „მოამბესთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული ბიზნესგადაცემები გასულ წლის დეკემბერში დაიხურა. როგორც ნიკა ლალიაშვილი აცხადებს, სატელევიზიო სეზონის დასრულების შემდეგ, გადაცემები დაბალი რეიტინგის გამო აღარ გაგრძელდა.
მოამბე