სოციოლოგიური კვლევის შედეგები 

ორგანიზაცია „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებს მმართველი პარტია ენდობა, ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ მონაცემები არსებულ რეალობას არ ასახავს.

საუბარია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 46,8 % აპირებს არჩევნებზე ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, ამ რეიტინგებში მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობაა“ 27 %-ით, შემდეგ გიორგი გახარიას გუნდი. ასევე შვიდ პარტიას შორის არიან „ლელო“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“. თბილისის მერობის კანდიდატებში კი ამ კვლევებით კახა კალაძე ლიდერობს 61,2 %-ით, ნიკა მელიას კი 38,8 %-მდე აქვს. მმართველ პარტიაში რეიტინგის კიდევ უფრო მეტად ზრდას ელოდებიან, ხოლო მათი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს კვლევის ავტორი ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიმართა ლოიალურადაა განწყობილი.

შეგახსენებთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს წესით, 1953 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილება ქვეყნის მასშტაბით პლუს-მინუს 2.2 %-ია, თბილისის მასშტაბით – პლუს-მინუს 3.2 %. „გორბის“ მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევა 25 ივლისიდან 4 აგვისტოს შუალედში ჩატარდა.