7 ნოემბრის საქმე

17 წლის წინ ტელეკომპანია „იმედში“ განვითარებული მოვლენები დღეს რეზონანსული საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ გაიხსენა.

7 ნოემბრის და ტელევიზიის დარბევის გახმაურებულ საქმეზე სასამართლოს წინაშე ბიძინა ბარათაშვილი წარდგა. ტელეკომპანიის მაშინდელმა დირექტორმა 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ ტელევიზიაში სპეც-რაზმის შეჭრის ფაქტი დეტალურად აღწერა და ვრცლად მოჰყვა, რა მოვლენები და ფაქტორები უძღოდა წინ ტელევიზიის დარბევას და რა დამოკიდებულება ჰქონდა იმდროინდელ ხელისუფლებას მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელევიზიასთან. პროცესს დისტანციურად რეზონანსულ საქმეზე ბრალდებული ექს-პრეზიდენტიც ჩაერთო. მიხეილ სააკაშვილს ტაქტიკა არც ამჯერად შეუცვლია – ყოფილმა პრეზიდენტმა დღევანდელი ჩართვაც მხოლოდ პოლიტიკური გზავნილების გასაჟღერებლად და ოპოზიციისთვის ახალი დავალებების მისაცემად გამოიყენა.