საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ერთმა მათგანმა კლინიკა გუშინ დატოვა, მეორე პაციენტი კი საავადმყოფოდან დღის ბოლოს გაეწერება. საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულია სამი პაციენტი, თუმცა, შეიცვალა ინფიცირებულთა სტატისტიკაც. დღეს კიდევ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 54 შემთხვევაა დაფიქსირებული. რამდენიმე ინფიცირებული მკურნალობს ბათუმსა და გორში, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 36 პაციენტი იმყოფება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ ხუთ მათგანს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა პასუხი ნეგატიურია. დღეს კიდევ ათ პაციენტს აუღებენ ანალიზებს. პაციენტებს შორის არის აეროპორტის თანამშრომელი, რომელიც გამშვებ პუნქტთან მუშაობდა. მას საეჭვო პირებთან არ ჰქონია შეხება და კლინიკაში ტემპერატურის მატების გამო გადაიყვანეს. კლინიკაში იმყოფებიან ასევე აზერბაიჯანიდან შემოსული პირები.