ილიაუნის სტუდენტების აქცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრას და იმ რეფორმის გადახედვას მოითხოვენ, რომლის თანახმადაც, შიდა რეორგანიზაციით ილიაუნის ბიზნესსკოლა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტს შეუერთდა. ბიზნესსკოლის დეკანი, გიორგი ქადაგიძე კი თანამდებობიდან გადააყენეს, რასაც სტუდენტები არასწორად მიიჩნევენ.

დაპირისპირება ბიზნესსკოლის ყოფილ დეკანსა და ილიაუნის რექტორს, გიგა ზედანიას შორის იანვარში დაიწყო.

გიორგი ქადაგიძის განმარტებით, რექტორმა რეორგანიზაცია მისი თანამდებობიდან ჩამოშორების მიზნით დაიწყო, რადგან დეკანად საქმიანობისას მან არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია საუნივერსიტეტო ფინანსების გაუმჭვირვალობასთან და 60 მილიონიანი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც მისი თქმით, სტუდენტების განათლების ხარისხზე ნეგატიურად აისახება.

თავად რექტორი განმარტავს, რომ მსგავსი რეორგანიზაცია უნივერსიტეტში ხშირად ხორციელდება და ის პიროვნული მოტივით არ არის ნაკარნახევი.

რაც შეეხება ფინანსების გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებულ ბრალდებას, ზედანიას თქმით, ეს სიცრუეა, რასაც სახელმწიფო და საერთაშორისო აუდიტების დასკვნებიც ადასტურებს.