საქართველოში კინოგადაღებების კუთხით, ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად, ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ ისეთი ცნობილი კომპანიებიდან, როგორებიცაა: „ეიჩ ბიო“ და „იუნივერსალ ფიქჩერს“. ერთი კვირის განმავლობაში ისინი დაათვალიერებენ ბათუმს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს, უფლისციხეს, ციხისძირს და რუსთავს.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციასა და ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას. ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში უცხოელ სტუმრებს ქართველი კინომწარმოებლები და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლები შეხვდებიან, მათ გამოცდილებას გაიზიარებენ და გააცნობენ ქართული კინოს შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას.
აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია, რასაც შემოსული 20 განაცხადი მოწმობს, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა თითქმის 40 მილიონი ლარია.