გომბორის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა ნაწილი თბილისში გადმოჰყავთ
გომბორის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა ნაწილი თბილისში მოჰყავთ. ნაწილი კი ისევ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. ისინი ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა მოინახულეს.
“მოამბის” კორესპონდენტი იმ არასრულწლოვანსაც ესაუბრა, რომელიც ავარიის დროს მიკროავტობუსში იმყოფებოდა, ნათია ქენქაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში – რატომ გახდა საჭირო, რომ რამდენიმე პაციენტი თბილისში გადმოეყვანათ, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გამოძიების პირველადი ვერსიით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღის 12:00 საათზე მოხდა. დაღუპულია ოთხი მგზავრი, მათ ორის ერთი არასრულწლოვანი. დაშავებულები თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი რამდენიმე მათგანის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.
დაშავებულები თელავში შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებმა მოინახულეს. მიკროავტობუსში თბილისის 175-ე სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. ისინი ექსკურსიაზე მიდიოდნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. ავტომანქანის მძღოლი, გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.