სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი რეჟისორისა და მსახიობის, გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო. ბატონმა გოგი ქავთარაძემ თავისი საქმიანობით დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და კულტურული განვითარების საქმეში. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის. ნათქვამია მისი უწმინდესობის სამძიმრის წერილში.
გოგი ქავთარაძე დღეს მახათას მთაზე დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. გოგი ქავთარაძის ხსოვნას პატივი მიაგეს როგორც მსახიობის კოლეგებმა, ახლობლებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, ისე პოლიტიკოსებმა.
მსახიობი და რეჟისორი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი 34 ფილმშია გადაღებული. საყოველთაო პოპულარობა კი, კარიერის დასაწყისში, მიშა კობახიძის ფილმ „ქორწილში“ შესრულებულმა როლმა მოუტანა.
გოგი ქავთარაძემ სხვადასხვა თეატრის სცენაზე 90-მდე სპექტაკლი დადგა. სხვადასხვა წლებში იყო ქუთაისის, სოხუმის, რუსთავის, გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1990-1991 წლებში გოგი ქავთარაძე საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრად იყო არჩეული და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი. ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირს.