გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება შესაძლოა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდეს.
ეს დრო საგამოძიებო უწყებებს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად სჭირდება. მთავარი ინტერესი კომპლექსური ექსპერტიზისკენაა მიმართული, რომელმაც რამდენიმე მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. მათ შორის იმას, ვინ მიაყენა შაქარაშვილს დაზიანებები და ინახავს თუ არა არაგვის ნაპირზე ნაპოვნი ჩანთა თავდამსხმელთაგან რომელიმეს ბიოლოგიურ ნიმუშს. მეტწილად სწორედ ამ დასკვნაზე იქნება დამოკიდებული, დაუმძიმდებათ თუ არა „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომ პირებს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნაა. კიდევ ერთი დეტალი – გამოძიება ამ დრომდე ეძებს საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის და ბრალდებულის მაჯის ელექტროსაათს, რომელიც შესაძლოა 19 ივნისის საბედისწერო ღამეს განვითარებული მოვლენების ჩანაწერს ინახავდეს. არანაკლებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შესაძლოა შეიცავდეს წვეულების სტუმართა შორის მიმოწერა, რომელთა წაშლილი ნაწილის აღსადგენად ქართველი სამართალდამცავები ამერიკულ მხარეს მიმართავენ.