პარტია „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მათ რიგებს „ქართული ოცნების“ წევრები შეუერთდნენ.
განცხადება ამის შესახებ დღეს ქუთაისში გიგი უგულავამ გააკეთა. პარტიის გენერალური მდივნის თქმით, პარტიას კიდევ 8 ადამიანი ქუთაისიდან, ზესტაფონიდან, თერჯოლიდან, სენაკიდან, წყალტუბოდან და აჭარიდან შეუერთდა. მიზეზად კი მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა სახელდება.
უგულავას განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“, სადაც აცხადებენ, რომ როგორც წინა შემთხვევებში, „ქართული ოცნების“ წევრების გადასვლა ოპოზიციურ პარტიაში, ამჯერადაც არ დასტურდება.