ოპოზიციის საარჩევნო გეგმები

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერების საარჩევნო ტაქტიკას ამჯერად ეჭვქვეშ გიგი უგულავა აყენებს.

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან 2016 წელს წასული და წლების შემდეგ ისევ ამ პოლიტიკურ ძალაში დაბრუნებული უგულავა ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას შესაძლო წინასაარჩევნო ალიანსის შანსებს სკეპტიკურად უყურებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ორივე მათგანს სერიოზული პოლიტიკური წონა აქვს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე მათ მძიმე მომავალს უწინასწარმეტყველებს. ასე არ ფიქრობს მელიას გუნდი, რომელსაც ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრის შექმნის ამბიცია აქვს. უახლოეს დღეებში გაირკვევა, რა კონფიგურაციით წარდგება ნიკა მელია არჩევნებზე და შექმნის თუ არა ალიანსს გვარამიასთან და „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ სხვა ლიდერებთან. მანამდე კი წინასაარჩევნო გადაჯგუფებების სავარაუდო კონტურები უკვე იკვეთება. გაერთიანებისკენ მოწოდებების მიუხედავად, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისგან დისტანცირების და ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების ფორმირების სტრატეგია ძალაში რჩება.