გერმანიის შს მინისტრი: გერმანიაში ქართველების მიერ ბინების გაქურდვის ფაქტები შემცირდა

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინების გაქურდვის შემთხვევები შემცირდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავება დაასახელა.

ჰორსტ ზეეჰოფერის კომენტარი „დოიჩე ველემ“ გაავრცელა. გამოცემა აქვეყნებს 2017 წელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკასაც. როგორც აღმოჩნდა, მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან, 2017 წელს ქართველებზე მხოლოდ 2,1% მოდიოდა. ამავე ინტერვიუში გერმანელმა მინისტრმა პირობა დადო, რომ ბერლინი უახლოეს ხანში საქართველოს ე.წ. უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანს, რაც თავშესაფრის დაუსაბუთებლად მაძიებელთა დეპორტაციას გააადვილებს.

განცხადებას საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა საკითხის მოგვარებაზე ყველა პარტნიორთან მუშაობს.