„ევროპული საქართველო“ რამაზ დევაძის შეწყალებას ეხმაურება

„ევროპული საქართველო“,  საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების ფაქტს ეხმაურება. პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან საქმე ეხება პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას.  „ევროპული საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ დევაძის გათავისუფლება კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდება.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემაც.  თამარ ხულორდავას განცხადებით,  პატიმართა შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუმცა ეს გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია.

საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს, ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ჩხუბის დროს მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საკითხს სხვა პოლიტიკურ პარტიებიც გამოეხმაურნენ.