გატაცება საოკუპაციო ზოლთან

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაცია. რუსმა სამხედროებმა სოფელ ოკამის მცხოვრებლები გაიტაცეს. გიორგი შამანაური და სოსო შუკაკიძე ჯარისკაცებმა ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით აიყვანეს. ოკამის მცხოვრებლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, კიდევ ორი დღის გატარება მოუწევთ, ე.წ. სასამართლო ორშაბათს არის ჩანიშნული.

ერთ-ერთი დაკავებული თავად დაუკავშირდა ოჯახს და მომხდარი შეატყობინა. შამანაურის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ დაკავებულებს საოკუპაციო ხაზი არ გადაულახავთ და სამხედროებმა ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.

სუს-ის განცხადებით, ინფორმაცია უკვე მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.