ხმაურის ფონზე წარიმართა კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდის“ წარმომადგენლების შეხვედრა დმანისის მოსახლეობასთან.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი განიხილეს. საჯარო შეხვედრას ადგილობრივებთან ერთად გარემოს დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კომპანია არსებული საწარმოო მოედნის გაფართოებას ითხოვს, რათა თეთრიწყაროს ტერიტორიაზე ე.წ. ბნელი ხევიდან ამოღებული მადანი უკვე არსებულ საწარმოო ზონაში გადაამუშაოს. თუმცა ამას „საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრები და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. სერგო რატიანი და ნინო ბურჭულაძე საწარმოს მიერ რეგიონში გარემოს დაბინძურების მაჩვენებლის ზრდაზე საუბრობენ. არგუმენტად მათ 2016 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მოყავთ.
კომპანიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად მათ გონივრული ვადა და კონკრეტული გეგმა აქვთ. საწარმოო დერეფნის გაფართოება კი დამატებითი სამუშაო ადგილებს შექმნის და რეგიონს დამატებით შემოსავლებს მოუტანს.