5 ივნისს საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო გარბენი გაიმართება. მასშტაბური ღონისძიება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაანონსდა. „გარბენი უკრაინისთვის“ კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდია. საქველმოქმედო გარბენიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. მონაწილეები ადგილზე მიიღებენ მაისურს უკრაინის სიმბოლიკით. 10 კმ.-იან დისტანციაზე გამარჯვებული გამოვლინდება ქალებსა და მამაკაცებს შორის. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ამ მასშტაბის საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა. გარბენის გარდა, 5 ივნისს კახეთში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობა, გაიმართება უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.