პირველი არხი - იქ, სადაც საქართველოა

თითქმის შვიდი ათეული წელი ეთერში და პირველი ტელემაუწყებლობა, რომელიც 1956 წლიდან მედიასივრცეში თქვენი თანამგზავრია – საქართველოს პირველი არხი 66 წლისაა. თანამედროვე საქართველოს ისტორიის ნაწილი – პირველი ტელემაუწყებელი საქართველოში წლიდან წლამდე ზრუნავს მთავარზე, მიაწოდოს მაყურებელს ზუსტი, ობიექტური ინფორმაცია და მრავალფეროვანი პოლიტიკური, შემეცნებითი თუ გასართობი ტელეპროდუქტი. საზოგადოებრივი მაუწყებელი 2023 წელსაც არაერთ ტელეპროექტსა და სიახლეს გიმზადებთ, მათ შორის იქნება არაერთი მეგაშოუ და უნიკალური ქართული გადაცემა.

ობიექტურობა, ბალანსის დაცვა, სიზუსტე, ოპერატიულობა – მთავარი პროფესიული სტანდარტები და პრინციპები, რომლებზეც საინფორმაციო სამსახური დგას, ნდობაში და მზარდ რეიტინგებში აისახება. საქველმოქმედო მარათონი და ომის დაწყების პირველივე საათებში ამოქმედებული ცხელი ხაზი უკრაინის დასახმარებლად, მადლობის სიგელები უკრაინის საელჩოსგან, ახალი გადაცემები, მაღალხარისხიანი შემეცნებით-საგანმანათლებლო პროდუქცია, მეგაპროექტები და სპორტული დღესასწაული, რომელიც არაერთი საერთაშორისო სპორტული ტურნირის ტრანსლირების შემდეგ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატით დაგვირგვინდა.

ეს ყველაფერი 2022 წელს იყო. 2023 წელს კი საქართველოს პირველი არხი კიდევ უამრავი სიახლით ხვდება. მთავარი მოლოდინი კი ქვეყნის პირველი ტელევიზიის ახალ თანამედროვე შენობას უკავშირდება – 56 წლის შემდეგ, არხი ისტორიულ მისამართს – კოსტავას 68-ს, დიდი ალბათობით, მომავალ წელს შეიცვლის. მანამდე კი დაგეგმილია სატელევიზიო ბადის კიდევ უფრო გამრავალფეროვნება და ახალი საინტერესო პროექტების დაწყება.