პირველკლასელთა რეგისტრაციის კრიტერიუმი იცვლება.
ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში დარეგისტრირებას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომლებსაც ექვსი წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდებათ. განათლების სამინისტროს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მოქალაქეთა არაერთი განცხადება გახდა, რომლებიც სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას ითხოვდნენ. უწყების განცხადებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით შევა, რაც ნიშნავს, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები იგივე დარჩება. მოსწავლეთა საყოველთაო რეგისტრაცია 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კიდევ ერთი სიახლე ზოგად განათლებას უკავშირდება. ამ მიმართულებით განათლების სამინისტროში მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, კოორდინაციას კი მას ფილოლოგი გია მურღულია გაუწევს, რომელიც ზოგადი განათლების საკითხებში მინისტრის კონსულტანტად დაინიშნა.