ვერის ბაღში გაკეთებულ განცხადებებზე გამოკითხვები დაიწყო. პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე რჩებიან ის ადამიანები, რომლებმაც 16 ივნისს ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან ერთად, ე.წ. სახალხო რაზმების მობილიზება და „თბილისი პრაიდის“ მსვლელობის ჩაშლა დააანონსეს.
უკანონო ფორმირებების შექმნის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამომძიებლების კითხვებს ამ დრომდე პასუხობენ გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. უწყებაში ჯერ არ დაუბარებიათ თავად ლევან ვასაძე, რომელიც მისი ლიკვიდაციის საფრთხეზე საუბრობს და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიღმა გარე ძალების ინტერესებს ხედავს. ბიზნესმენი და მისი თანამოაზრეები ვერის ბაღში გაკეთებულ განცხადებებში კანონდარღვევას ვერ ხედავენ და განმარტავენ, რომ ლგბტ თემის მიერ დაანონსებული მსვლელობის წინ კორდონი მოეწყობა, ე.წ. რაზმები და ასეულები კი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლადაა საჭირო.
გიორგი კობერიძე იმყოფება პოლიციის სამმართველოსთან.