ლევან ვასაძის პოლიტიკური განაცხადი

ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე მალე ახალი პარტია გამოჩნდება.

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება. პირველ ეტაპზე ბიზნესმენი საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის სახელწოდებით „ერთობა, რაობა, იმედი“. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმებაა, რომელსაც ვასაძე მწვავედ აკრიტიკებს და მისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე მიუთითებს. ახალი მოძრაობის დამფუძნებელი ქვეყანაში არსებულ კრიზისზე საუბრობს და ეკონომიკური მაჩვენებლების კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებს, თუმცა ჯერ არ აკონკრეტებს, ვისთან ერთად გეგმავს დასახელებულ პრობლემებთან და გამოწვევებთან ბრძოლას და აპირებს თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას. მომავალი გეგმები და გუნდის შემადგენლობა 16 მაისს დაგეგმილ აქციაზე უნდა გახდეს ცნობილი. პოლიტიკური გეგმების დაანონსების პარალელურად ბიზნესმენი რუსეთში საკუთარ ბიზნეს-აქტივების გაყიდვის პირობას დებს.