უბედური შემთხვევა ვაკის პარკში - გამოძიების მეხუთე დღე

მეხუთე დღე ვაკის პარკის ტრაგედიიდან – ერთი დღით ადრე გახსნილ შადრევანში დენის გატარების და 13 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ არის მიცემული.

გამომძიებლების შეკითხვებს დღეს უკვე მესამედ უპასუხა იმ კომპანიის დირექტორმა, რომელმაც ისტორიული შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. ამ წუთებში კი პოლიციის სამმართველოში კომპანია „ელემსის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ კომპანიამ შეადგინა შადრევნის სარეაბილიტაციო პროექტი და როგორც შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე უშუალოდ პროექტზე, ექსპერტიზის დასკვნებიც არსებობს. გათვალისწინებული იყო თუ არა მითითებულ პროექტში უსაფრთხოების ყველა სტანდარტი, დაიცვეს თუ არა ეს პირობები უშუალოდ რეაბილიტაციის პროცესში, რამდენად ხარისხიანად შესრულდა სამუშაოები და შეამოწმა თუ არა სრულყოფილად საექსპერტო კომპანიამ ყველა დეტალი ექსპერტიზის დასკვნის მომზადებამდე, რომლის საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა – ეს მთავარი კითხვებია, რომლებზეც პასუხების მისაღებად ოპონენტები დედაქალაქის მერს საკრებულოში იბარებენ და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.