ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ის სტუმარი ქვეყნის პავილიონის კონცეფციის პრეზენტაცია
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა, 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის პავილიონისა და სტენდის კონცეფციის პროექტი წარადგინეს.
მიხეილ გიორგაძემ მსოფლიო ლიტერატურულ-კულტურულ სფეროში უდიდეს პლატფორმაზე, ქართული კულტურისა და ლიტერატურის წარდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პროექტის პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ 2018 წელს საქართველო ყველაზე დიდი წიგნის ბაზრობის სტუმარი ქვეყანაა.
წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორის მედეა მეტრეველის თქმით, კონკურში გამარჯვებული პროექტის ავტორი გია ბოხუას სტუდიაა, ანიმაციური კლიპის კონცეფციის ავტორი კი მწერალი აკა მორჩილაძეა.
როგორც მეტრეველმა აღნიშნა, ღონისძიებები გერმანიაში 29 ქალაქში დაიგეგმა და საქართველო 300-ზე მეტ ახალ თარგმანს წარადგენს.
ფრნკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.
პრეზენტაციას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და კულტურული ინსტიტუციების წარმომადგენლები, ლიტერატორები, მწერლები და გამომცემლები ესწრებოდნენ.