ფრანკფურტში პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონია წელს მეთექვსმეტედ ჩატარდა და გამარჯვებულები 10 ძირითად ნომინაციაში წარადგინეს, მათ შორის რამდენიმე ნომინაცია სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის ფარგლებში შეიქმნა.

საუკეთესო რომანისთვის მწერალი ლაშა ბუღაძე დაჯილდოვდა. საუკეთესო პოეტური კრებულისთვის  პრემია საბა ზურაბ რთველიაშვილს გადაეცა; ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა რეზო გაბრიაძე; ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი დალი ფანჯიკიძის სახელობის პრემია ნინო ხარატიშვილს გადაეცა.

ცერემონიას ქართველ ავტორებთან, გამომცემლებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ცნობილი უცხოელი მწერლები, უცხოური გამომცემლები, გერმანიის ოფიციალური პირები და საერთაშორისო მედია ესწრებოდა.