საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2024 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია. შესაბამისი მონაცემები „ევროსტატის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში. მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია გერმანიაში, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ყველაზე მაღალი იყო. „ევროსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის პირველი ნახევარში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 1 395 მოქალაქემ მოითხოვა. 2023 წლის პირველ ნახევარში კი ეს რიცხვი 5 155-ს შეადგენდა. საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია ისეთ მსხვილ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი.