შეხვედრის მესამე რაუნდი პარლამენტში.
როგორ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების რეფორმირება. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალების ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციაზე იმსჯელეს. ცალკეულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეხვედრა მის დასრულებამდე დატოვეს და პროცესი არაკონსტრუქციულად შეაფასეს. კონსულტაციებზე საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივებით მივიდა სამოქალაქო სექტორის ნაწილი. ალტერნატიული წინადადებები წარადგინა ოპოზიციამაც, რომელიც მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს არასაკმარისად მიიჩნევს. აქცენტი იუსტიციის საბჭოს ძირეულ რეფორმაზე კეთდება. ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ლელო“, რომელიც პროცესის ფორმალობის არგუმენტით შეხვედრას არც ამჯერად დასწრებია. სასამართლოს საკითხი ერთ-ერთია იმ ცხრა პუნქტიდან, რომელთა შესრულებაზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა საქართველოსთან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებები და გადაინაცვლებს თუ არა ქვეყანა ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე.