ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიიღო. რეზოლუციას ცოტა ხნის წინ ეყარა კენჭი და ხმათა სრული უმრავლესობით დამტკიცდა.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მასში აღნიშნულია, რომ  სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება არის ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ძირითადი პრინციპი. საქართველოს კონფლიქტის მოგვარება არსებითია ევროპულ კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. კონფლიქტები და საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისთვის.