საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ორის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. 15 ახალი შემთხვევიდან, ორი მესტიასთან არის დაკავშირებული, ცხრა უკვე ინფიცირებული პირების კონტაქტია, ორი კი – იმპორტირებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, მესტიასა და ყაზბეგში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება ქობულეთს, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აქაც საგანგაშო არაფერია. უკვე გამოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 91 პირი და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები ისევ მიმდინარეობს. ქობულეთში ვირუსი ერთ-ერთ კაფეში მომუშავე ქალს გუშინ დაუდასტურდა, გამოკვლეულია ყველა კონტაქტი, თავად კაფე-ბარ „ჰავანაში” კი რეგულაციები გამკაცრებულია, მიმდინარეობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.
ამირან გამყრელიძე – ქობულეთში კორონავირუსთან მიმართებაში საპანიკო არაფერია, პროცესი მალე ჩაქრება