გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ვენესუელის საკითხზე ელიოტ აბრამსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხსაც შეეხო.
ვენესუელაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ დებატებზე აშშ-ის წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
ელიოტ აბრამსის თქმით, ვენესუელაში სამხედრო ინტერვენციაზე ბრალდებები მიუღებელია რუსეთისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დახმარების თხოვნით მიმართა ქვეყნის ლეგიტიმურმა ხელისუფალმა, ხუან გუაიდომ, ხოლო, რუსეთის დახმარება განკუთვნილია არა ხალხისთვის, არამედ მადუროს რეჟიმისთვის.