ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით, „ადვოკატთა ასოციაციაში“ შექმნილ კომისიას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს
ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილ კომისიას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლას, სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენას უზრუნველყოფს.
მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი იმ დროებითი კომისიის მუშაობას დააფინანსებს, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე შექმნა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც „გირგვლიანის შესწორებების“ სახელწოდებით არის წარდგენილი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემაზე, ასევე, უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობასა და დანაშაულის დაფარვაზე.