ე.წ. არჩევნები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებული მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე, 6 საათის მონაცემებით, აქტივობა 70, 77% იყო. ასევე იუწყებიან, რომ რუსი დამკვირვებლების შეფასებით, ხმის მიცემის პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში მარიონეტული რეჟიმის ხელმძღვანელობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არის ამჟამინდელი ლიდერი ანატოლი ბიბილოვი. საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის კიდევ ერთი უკანონო აქტი, – ასე პასუხობს ოფიციალური თბილისი, ე.წ. არჩევნებს. დღეს მიმდინარე პროცესი ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს, საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა.