დოდო გუგეშაშვილი მისი მკვლელობის მცდელობის საქმეში რუსულ კვალს ხედავს

თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი მისი შვილის მკვლელობის და მისი მკვლელობის მცდელობის საქმეში რუსულ კვალს ხედავს. გუგეშაშვილის აზრით, ამ ვარაუდს რამდენიმე არგუმენტი ამყარებს. კერძოდ, 2015 და 2017 წლებში, როდესაც ის უკრაინიდან ჩამოფრინდა, არსებობდა მცდელობა, რომ მისი ორივე ფრენა საბუთებში დაფიქსირებულიყო, როგორც რუსეთის საზღვრის კვეთა.

დოდო გუგეშაშვილი ფიქრობს, რომ მისი სახელის რუსეთთან დაკავშირებისთვის ნიადაგი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მზადდებოდა. ამასთან, დოდო გუგეშაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, მათ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი პატიმრისგან შეიტყვეს, რომ ერთი წლის წინ დოდო გუგეშაშვილის ლიკვიდაცია მზადდებოდა.

ნიკოლეიშვილის თქმით, როგორც პატიმარი ამტკიცებს, მას შარშან ერთ-ერთი რუსი გენერლის წარმომადგენელი დაუკავშირდა და გუგეშაშვილის მკვლელობის ორგანიზება დაავალა, რაზეც მან უარი განაცხადა.

დოდო გუგეშაშვილი და მისი ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეში რუსულ კვალთან დაკავშირებით არსებული გარემოებებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.