კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა, მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, ოკუპირებული სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება. საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დასვეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობის საკითხი. მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანესი თემა იყო დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, თუმცა მონაწილეებმა მოსკოვიდან, ოკუპირებული სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ გამოიჩინეს უპასუხისმგებლო მიდგომა და დღის წესრიგის ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას მოლაპარაკებები დატოვეს – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
როგორია რუსული მხარის განცხადებები ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე:
„ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ნატოში ჩათრევის განუწყვეტელ მცდელობებზე, ამ ქვეყნის სამომავლო მილიტარიზაციაზე, მის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო წვრთნების რეგულარულად ჩატარებაზე. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად, ამ პროცესებს ვაფასებთ, როგორც რეგიონული უსაფრთხოების ძირის გამოთხრას“, – ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც ყურადღების გამახვილებულია ასევე წნელისის რაიონში დაძაბულობაზე, რაც, მათი თქმით, პროვოცირებული იყო თბილისის გადაწყვეტილებით.