დიდთოვლობა აჭარაში

მესამე დღეა, ინტენსიურად თოვს აჭარაში. მაღალმთიან ზონაში თოვლის საფარმა ერთ მეტრსა და 50 სანტიმეტრს გადააჭარბა. ამ დროისთვის ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მონაკვეთზე მოძრაობა შესაძლებელია, თუმცა გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადაადგილდებიან. შეფერხებულია მოძრაობა აჭარის მთიანი სოფლების ნაწილიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე.

თოვლმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც მთიანი სოფლების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ბათუმის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი გადაიდო. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.