რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში საქართველო მნიშვნელოვან შეთანხმებას მოაწერს ხელს

რამდენიმე წუთში ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში საქართველო მნიშვნელოვან შეთანხმებას მოაწერს ხელს – ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთის დედაქალაქში გუშინ ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელს მოაწერს შეთანხმებას „აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“. პროექტი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროსადენის მშენებლობასა და აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით, ელექტროენერგიის რუმინეთისთვის და ევროპის სხვა ქვეყნებისთვის მიწოდებას გულისხმობს.

ხელმოწერის ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი დაესწრებიან. საქართველოს პრემიერი მონაწილეობას პლენარულ სესიაშიც მიიღებს და მოგვიანებით მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს. მთავრობის მეთაური რუმინეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ეკონომიკის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.