მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის ხუთშაბათს აღნიშნავს. ბიბლიური გადმოცემის მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო დააწესა. საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან მიმდინარეობს, სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად, ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ზიარების საიდუმლო დააწესა. დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე იკითხება 12-გზის სახარება, რომლის დროსაც, წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. სამების საკათედრო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 19 საათზე დაიწყება.