12 აგვისტოს დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 900 წელი შესრულდება. „ძლევაი საკვირველის“ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიება იგეგმება, რომლისთვისაც მზადება უკვე დაიწყო. დიდგორის ბრძოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რეპეტიციები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. ერთ-ერთ ლოკაციას წარმოადგენს გელათის სამონასტრო კომპლექსი, სადაც ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, მეორე ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის პირადი შემადგენლობა, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრები მონაწილეობენ. 12 აგვისტოს, დიდგორის მემორიალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსსა და გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე, შთამბეჭდავი თეატრალიზებული სანახაობით, საქართველოს ისტორიის მე-12 საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაცოცხლდება. ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად, სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი და ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.