თბილისში, სვანეთისუბანში, ბავშვთა ყოფილ მე -5 საავადმყოფოში შესახლებული ოჯახები ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში დროულად გადაყვანას ითხოვენ.
მათი თქმით, შენობა ავარიულია და მასში ცხოვრება სარისკოა. საკითხის მოგვარება საკუთარ თავზე თბილისის მერიას აქვს აღებული, სადაც განმარტავენ, რომ ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის დაკვეთით, კაპანაძის ქუჩაზე უკვე აშენებულია საცხოვრებელი კორპუსი, სადაც დევნილ ოჯახებს კეთილმოწყობილი ფართები, მწვანე კარკასის კონდიციით გადაეცემათ. მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს შიდა სამუშაოები და მომავალი წლის გაზაფხულზე ავარიულ კორპუსში მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი შეძლებს აღნიშნულ მისამართზე გადასვლას.