საკანონმდებლო ორგანოში დღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა იწყება. მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ პროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ. დოკუმენტი უკრაინული მოდელის ანალოგია. 80 მილიონ დოლარზე მეტის ფლობა, მედიაზე და პოლიტიკურ ჯგუფზე გავლენა და კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაზე მონოპოლია – უკრაინული კანონმდებლობით, ამ ოთხიდან სამი კრიტერიუმი ოლიგარქის სტატუსისთვის საკმარისია.
კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის, მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. კანონი ამოქმედებიდან ათი წელი იქნება ძალაში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი უკრაინული კანონის ქართულ რეალობაზე მორგებას არ ეთანხმება და ახალი დოკუმენტის შემუშავებას ითხოვს.