კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ

82 მომხრე, 2 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ მეორე მოსმენით მიიღო. განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის დასკვნა კანონპროექტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან ბრძოლისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი ჩაატაროს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, კანონპროექტს მიიღებენ, თუმცა ის გამოქვეყნებისთანავე არ ამოქმედდება. „ქართული ოცნება“ დაელოდება ევროკომისიის პოზიციას და თუკი 12 პირობიდან ერთ-ერთი – დეოლიგარქიზაცია აღარ იქნება ჩამონათვალში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, უარი თქვას კანონის მიღებაზე.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონი ერთპარტიულად მიიღო, მაშინ როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა დარბაზში არც კი იმყოფებოდა.