ე.წ. ციანიდის საქმე სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში ინაცვლებს. ექვსთვიანი განხილვის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული გიორგი მამალაძის განაჩენი უცვლელად დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხრაწლიანი პატიმრობა ძალაში რჩება.
ორ კვირაში, ანუ სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი, რა გარემოებებით იხელმძღვანელა მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილების მიღების დროს.
შურისძიების მოტივით პატრიარქის მდივან-რეფერანტის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის მსჯავრდებული დეკანოზი არცერთ ბრალდებას არ აღიარებს და გამოძიებას არაობიექტურობაში ადანაშაულებს.
ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის სასამართლო განხილვა თითქმის ერთი წელია, დახურულ პროცესებზე და ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების ფონზე მიმდინარეობს.