საკონსტიტუციო სარჩელი

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატები გაუთქმელობის ვალდებულების ნორმის შეცვლას ითხოვენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს. მოსარჩელე სისხლის სამართლის კოდექსისა და პატიმრობის კოდექსის რამდენიმე მუხლს ასაჩივრებს, მათ შორის მთავარი, ე.წ. გაუთქმელობის ვალდებულების მუხლია. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს გამომძიებლის, პროკურორის უფლებამოსილებას, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებს აუკრძალოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება, ხოლო გაფრთხილებული პირის მიერ ხსენებული მონაცემების გამჟღავნება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატის განცხადებით, სწორედ სადავო ნორმების ბუნდოვანებამ მათ სრულყოფილი დაცვის განხორციელების საშუალება არ მისცა.