სამოქალაქო მოძრაობის „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ დამფუძნებლის, განცხადებით, აზარტული თამაშების შესახებ კანონის გამკაცრების შედეგად მოქალაქეთა ნაწილს თამაშებზე წვდომა შეეზღუდა, თუმცა პრობლემები რჩება თავად კანონის აღსრულების ნაწილში. თამარ ჯაფარიძის თქმით, მოსახლეობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული, რომ შეუძლიათ თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენება. კანონის დარღვევებზე რეაგირების მექანიზმის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობს „სათამაშო ბიზნესის რეგულირების ალიანსის“ წევრიც. გიორგი ბახტურიძის თქმით, სათამაშო ბიზნესში ორგანიზაციამ საკუთარი რესურსებით უკვე არაერთი დარღვევა აღმოაჩინა და აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს მიმართა. მუნიციპალურ სამსახურში განმარტავენ, რომ მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.