დავით ზალკალიანის განცხადება

„მოგებული და წაგებული არ იქნება. თუ შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება, ქვეყანა დამარცხდება“– ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ქვეყნის პირველი დიპლომატი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მონაპოვარს. დავით ზალკალიანი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს დგამს, რისი შედეგიც ევროპულ ქვეყნებში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადების მზარდი ტენდენციაა.

მინისტრი მონპელიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების  მდგომარეობასაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ჩვენი ქვეყნის საკონსულოები, მათთან კომუნიკაციისთვის 24-საათიან რეჟიმზე არიან გადასულები. მინისტრი აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების გაჭირვებით ხშირად პოლიტიკური ძალები მანიპულირებენ, რაც მიუღებელია. ქვეყნის პირველი დიპლომატი საკანონმდებლო ცვლილებებზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც იმ პირთა კრიმინალიზაცია მოხდება, ვინც ქვეყნიდან მოქალაქეების არამართლზომიერად გაყვანას უწევს ორგანიზებას.