საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უწყება აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ლეგალური ბინადრობის მოწმობები ჰქონდეთ. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ არამხოლოდ საბერძნეთთან, არამედ სხვადასხვა ქვეყანასთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს იქ ლეგალური ყოფნის პირობები გაუადვილდეთ.
მანამდე, ამ თემასთან დაკავშირებით, საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა. „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ საელჩო საქართველოს მოქალაქეების ბინადრობის ნებართვების, ასევე განცხადებების განხილვის პროცესის დაჩქარების საკითხებს ბერძენ კოლეგებთან აქტიურად განიხილავს.