დავით თევზაძე  -  კლაუზევიცის დიდი ომის თეორია და „დიდი ომის ჩიხი“
დავით თევზაძე - კლაუზევიცის დიდი ომის თეორია და „დიდი ომის ჩიხი“

„ყველაზე ადვილად გამოდის ის, რისი განხორციელებაც შენგან

მტერს შეუძლებლად მიაჩნია ….თუმცა არსებობს კიდევ ერთი წესი,

რომელიც ყველასხვა წესზე მნიშვნელოვანია:

არასოდეს არ შეიყვანო ბრძოლაში

ჯარი, რომელსაც მტრის ეშინია…“

ნიკოლო მაკიაველი. „სამხედრო ხელოვნების შესახებ“, წიგნი IV

ყველა ცოდნას, რომელიც კაცობრიობის მეხსიერებაში მეცნიერებად ჩამოყალიბდა, ყავს როგორც თავისი ავტორი, რომლის სახელი, ხშირად დავიწყებულია, ასევე გამორჩეული , რომელთა გარეშე აღნიშნული ცოდნა ვერასოდეს დაივანებდა იმ მწვერვალზე, რასაც მეცნიერებას ვეძახით. იშვიათია შემთხვევა, როდესაც ავტორიცა და გამორჩეული მოამაგეც ერთი და იგივე პირი გახლავთ ხოლმე. ხოლო უფრო იშვიათი – შემთხვევა, როდესაც ასეთი სახელი კაცობრიობას ახსოვს. მაგალითისთვის, შეგვიძლია გავიხსენოთ არისტოტელე და მისი ლოგიკა, ანდა ევკლიდე და მისი გეომეტრიის საწყისები. ასეთ სახელთა რიგს, როგორცა ჩანს, ეკუთვნის კლაუზევიციც, რომელმაც არა მარტო დასაბამი მისცა ომის, როგორც მოვლენის კვლევას, არამედ დღესაც ასეთი კვლევების ერთგვარ საზომადაა მიჩნეული. მისი ჩანაწერები ომის შესახებ, რომელიც მისი ნაადრევი სიკვდილის შემდეგ მეუღლემ გამოსცა, თითქმის ორი საუკუნეა, სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენს ომით დაკავებული ადამიანების აზროვნებაზე და ასევე მათზე, ვისთვისაც ომი მხოლოდ თეორიული განსჯის საგანია. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოებისათვის კლაუზევიცი მხოლოდ ახლა ხვდება მეტ-ნაკლები თეორიული ინტერესის სფეროში, რამაც, როგორცა ჩანს, თავისი დაღი დაასვა როგორც სამხედრო მშენებლობის საქმეს საქართველოში, ასევე ჩვენ მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიების შინაარსსა და პოლიტიკას. ასევე სამწუხაროა ისიც, რომ კლაუზევიცი სულაც არ არის იოლი წასაკითხი და სამხედრო ცოდნასთან ერთად, გარკვეული დოზით, ფილოსოფიურ განსწავლულობასაც მოითხოვს. ეს კი, შესაძლოა, დაუძლეველ ბარიერად იქცეს ჩვენი თაობის ქართველი სამხედროებისთვის და ისინიც იმდაგვარმა ცდუნებებმა შეიპყრონ, როგორც, თავის დროზე, მისი განსწავლულობის მიუხედავად, გერმანიის გენერალური შტაბი, რომელიც კლაუზევიცის ცალმხრივმა ინტერპრეტაციამ ორ მარცხიან ომში გახვია.

კლაუზევიცის კითხვისას გარკვეული ინტელექტუალური ბაზაა საჭირო. სასურველია ამდაგვარ ბაზას ფილოსოფიასთან, კერძოდ, გერმანულ კლასიკურ ფილოსოფიასთან ნაცნობობა ქმნიდეს. ყოველ შემთხვევაში, პრობლემატიკა, რომელიც კლაუზევიცის თვალსაწიერში ხვდება აქედან უფრო კარგად იკითხება, ვინაიდან მისი ამოცანა არა იმდენად ომის ბუნების გარკვევაა, რამდენადაც ომის შესახებ თეორიული ცოდნის აგების შესაძლებლობა. სხვა სიტყვებით, ომის, როგორც მოვლენის, შემეცნების პრინციპულ შესაძლებლობაზეა საუბარი და სწორედ ამის დანახვას სჭირდება გარკვეული ფილოსოფიური გამოცდილება. სხვათა შორის, სწორედ ეს ხედვა განასხვავებს კლაუზევიცს იმ უამრავ მწერალთაგან, რომლებიც ომის თემაზე წერდნენ და ბევრი მათგანი ომის კლასიკოსადაც (და არც თუ უსაფუძვლოდ) იქნა მიჩნეული. კლაუზევიცამდე ომს ორი განზომილებით უდგებოდნენ: ომი, როგორც რაღაც ხდომილება და ომი, როგორც ადამიანთა ურთიერთობის ასპარეზი. შესაბამისად, მწერლობაც ორ ნაკადად იყოფოდა: ომის პრაქტიკის აღწერა და ომის მორალური საყრდენის, იმ ღირებულებების დადგენა, რომელიც ომს ღირსეულ საქმიანობად წარმოაჩენს. პირველი ნაკადის მწერლები უმეტესად ომის პრაქტიკოსები ანდა ომის ისტორიკოსები გახლდნენ. მათი წყალობით ვიცით ჩვენ არა მარტო ის, თუ რა ხდებოდა ამა თუ იმ ომისას, არამედ ისიც, თუ როგორ იღებდნენ გამაგრებულ ადგილებს, როგორ არჩევდნენ და ახარისხებდნენ მეომრებს, რა ტაქტიკურ სქემებს მოიხმარდნენ, როგორ მიდიოდა უზრუნველყოფა და რა იყო საჭირო წარმატებული ლაშქრობისათვის. ასეთ ნაწერებს წმინდა ისტორიული ღირებულების გარდა გააჩნდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ასპექტი: იმ ეპოქაში, როდესაც ჯარის მომზადებისა და მართვის არანაირი სტანდარტი არ არსებობდა, ისინი გარკვეულად დოქტრინის მაგივრობას წევდნენ. შემთხვევითი არ არის ის გარემოება, რომ ასეთ ნაწარმოებთა მეტი წილი ამა თუ იმ მმართველის ყურადღების მისაპყრობადაა შექმნილი. გავიხსენოთ მაკიაველი და მისი „სამხედრო ხელოვნების შესახებ“. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ომის მწერლობის ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება იმ მცირე სხვაობით, რომ დოქტრინაზე ზრუნვა სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციად იქცა და ომის თანამედროვე პრაქტიკის კვლევები სპეციალურ, მეტწილად გენერალურ შტაბებზე დაქვემდებარებულ დაწესებულებებში იყრის თავს.

მეორე ნაკადის მწერლები მეტწილად ფილოსოფოსები გახლდნენ. ეს მწერლობაც საკმაოდ ხანდაზმულია და მის სათავეებთან ისეთ სახელებს ვხვდებით, როგორიცაა პლატონი და არისტოტელე. გაცილებით გვიან, ევროპულ აზროვნებაში ხდება ომის მორალურ ღირებულებათა მიბმა სამართლის კატეგორიებზე. ყოველ შემთხვევაში, ჰუგო გროციუსთან ომი უკვე არა მარტო მორალურად, არამედ სამართლებრივადაც გამართლებადი ქმედებაა. ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ორივე ეს ტენდენცია დღესაც ისეთივე ინტენსიური კვლევის საგანია, როგორც მანამდე. აქაც, ისევე როგორც პირველი ნაკადის მწერლობის შემთხვევაში, ერთი თავისებურება გვხვდება: აღნიშნული კვლევები ფილოსოფოსთა კაბინეტებიდან, ნაწილობრივ, „გარეთ“ ინაცვლებს. ომის სამართალი საერთაშორისო სამართალზე ხდება მიბმული. შესაბამისად, საერთაშორისო ინსტიტუტების მონიტორინგის ქვეშ ექცევა და ამდენად, დღეს ის პრაქტიკული საქმიანობა უფროა.

ერთი შეხედვით, კლაუზევიცის „ომის შესახებ“ ამ ნაკადებშია მოქცეული. მეტიც, ისე ჩანს, რომ თემატურად შესაძლებელია ის ორივე ნაკადს მივაკუთვნოთ. თავდაპირველად ის სწორედ ამდაგვარად იქნა აღქმული, და როგორც ასეთს, ერთგვარი ეკლექტიზმიც დაბრალდა. შედეგად, კლაუზევიცის წაკითხვის სხვადასხვა ტრადიციაც ჩნდება. ერთნი მასში მხოლოდ დოქტრინას ხედავენ, ხოლო მორალურ-ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე საუბარს ერთგვარ გაუგებრობად მიიჩნევენ. მეორენი, პირიქით, თვლიან რომ სწორედ ეს ნაწილებია მნიშვნელოვანი და საყურადღებო. მესამენი, გრძნობენ, რომ აქ რაღაც სხვა უნდა იყოს, კლაუზევიცის ცნებებში კანტიანური ფილოსოფიის კატეგორიების ანარეკლს ეძებენ. არსებობს სხვა ინტერპრეტაციებიც. ყოველი წაკითხვისას ყურადღების გამახვილება ერთ რომელიმე დეტალზე, ომის ერთ რომელიმე ნიშანზე ხდება და, ბუნებრივია, ამდაგვარი ვითარება ხელს არ უწყობს იმ ერთიანი სურათის გააზრებას, რომელიც, თავად კლაუზევიცს, როგორცა ჩანს, ჰქონდა.

მაინც რისი ინტერესი ჰქონდა კლაუზევიცს? რისი თქმა უნდოდა?

„ხელნაწერი დიდი ომის წარმოების შესახებ, რომელსაც ჩემი სიკვდილის შემდეგ იპოვიან, იმ სახით, რა სახითაც არსებობს, უნდა განიხილონ როგორც მხოლოდ კრებული ცალკეული ნაწილებისა, საიდანაც უნდა აგებულიყო დიდი ომის თეორია . . .…“

ამ ნაწყვეტიდან ჩანს, რომ კლაუზევიცს გრანდიოზული ჩანაფიქრი ჰქონია: აეგო დიდი ომის თეორია. ხოლო რაც მას ამ ჩანაფიქრიდან შესრულებულად მიაჩნდა, ცალკეული ნაწილები გახლდათ თეორიისა, რასაც გამართვა და გაერთიანება სჭირდებოდა. ხაზი, რითაც ეს გაერთიანება შესაძლებელი გახდებოდა, პირველი ნაწილის პირველ თავშია მოცემული. სხვათა შორის, კლაუზევიცს წიგნის მხოლოდ ეს ნაწილი მიაჩნდა დასრულებულად. ამიტომ, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ თუ ამ ხაზს გავყვებით, შესაძლებელი უნდა იყოს კლაუზევიცის ჩანაფიქრის რეკონსტრუქცია. ალბათ ეს ასეცაა, თუმცა კლაუზევიცის იმ მრავალ ინტერპრეტატორთაგან, როგორცა ჩანს, ვერავინ მოახერხა ეს. ამის პრეტენზია არც ამ სტატიას გააჩნია. მეტიც, სტატიის მიზანი უაღრესად მოკრძალებულია: ქართულ სააზროვნო სივრცეში შემოიტანოს კლაუზევიცის თემა როგორც კამათისა და განსჯის ობიექტი. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს მსჯელობა, საბოლოო ანგარიშით, თავის კეთილ ნაყოფს აუცილებლად გამოიტანს.

რას ეხება თეორია? ამ მარტივ კითხვაზე პასუხიც, ერთი შეხედვით, მარტივია: ომს. პრობლემა მერე ჩნდება, როდესაც ლოგიკურად მეორე კითხვას დავსვამთ: რა არის ომი? აქ კი კლაუზევიცს თავისებური პასუხი გააჩნია, რომელიც სრულებითაც არ არის მარტივი. თუმცა, ერთი შეხედვით, ეს გარემოება, შესაძლოა, უცნაურადაც ჟღერდეს: საქმე იმაშია, რომ ყველამ მშვენივრად ვიცით, თუ რა არის ომი, ვინაიდან ყოველთვის ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ, ვუწოდოთ რაიმეს ომი თუ არა. და ეს ბუნებრივიცაა. ადამიანის სოციალურად დატვირთულ საქმიანობებს შორის ომი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ალბათ, ბანალობა იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ რაც საზოგადოება არსებობს,  ადამიანი ყოველთვის ომობს. გაცილებით საყურადღებო ის გარემოება ჩანს, რომ რაც კაცობრიობას მეხსიერება გააჩნია, ის ომობს ყველა იმ კომპონენტის გამოყენებით, რაც ამისათვის აუცილებელია. მეტიც, ეს არის არა რაიმე ცალკე აღებული ცივილიზაციის ნიშანი, არამედ საყოველთაო ხდომილება: დიდი ცივილიზაციური კერები, რომელთაც საუკუნეები დასჭირდათ ერთმანეთთან შეხებაში რომ მოსულიყვნენ, საოცარ ერთნაირობას ამჟღავნებენ ომის წარმოების კუთხით: არსებითად ერთი და იგივე იარაღი, სატრანსპორტო საშუალებები, საბრძოლო სივრცეზე გადაადგილებების და მოქმედებების ხასიათი, ბრძოლის შედეგების ექსპლუატაცია თუ სხვა რამ, რასაც კულტურული გარემოს უთუო კვალი უნდა აჩნდეს, ერთი და იგივეა ცივილიზაციიდან ცივილიზაციამდე. ამდენად, კითხვა, თუ რა არის ომი, თითქოს არც უნდა დასმულიყო. უფრო ლოგიკური იქნებოდა გვეკითხა, როგორ ვიომოთ, რომ გარანტირებულ წარმატებას მივაღწიოთ? სინამდვილეში, საუკუნეების მანძილზე ომის მწერლობა სწორედ ამ კუთხით ჩამოყალიბდა: სუნ ძი, უ ძი, ვეი ლიაო ძი – ჩინეთში, ართხაშასტრა – ინდოეთში, ქსენოფონტი, ენეას ტაქტიკოსი, პოლიბუსი, უილიუს კეისარი, სალუსტუს კრისპი, ტაციტი, არიანე, სექსტ იულიუს ფრონტინი, კასიუს დიო, ფლავიუს ვეგეციუსი – ანტიკურ საბერძნეთსა და რომში, მონტეკუკოლი, ვობანი, გუსტავ ადოლოფი და ფრიდრიხ დიდი – ახალი დროის ევროპაში – აი იმ ავტორთა არასრული ჩამონათვალი, რომელიც დროში კლაუზევიცს უსწრებდა და რომელთა გავლენა ომის წარმოებაზე საკმაოდ დიდი გახლდათ. საკითხის შენაცვლებამ საგნისადმი განსხვავებული მიდგომა გააჩინა: როგორ ვიომოთ, შეგვიძლია მხოლოდ მას შემდეგ ვიცოდეთ, როდესაც გააზრებული გვაქვს თუ რა არის ომი და ეს ცოდნა არა მხოლოდ პრაქტიკულ გამოცდილებას, არამედ ღრმა ანალიზსა და ომის ბუნების სერიოზულ კვლევას ეფუძნება. სწორედ ეს გახლავთ ომის თეორიის დანიშნულება: ომის რაობის ცოდნაზე დაყრდნობით მოგვცეს ომის წარმართვის გზამკვლევი, სადაც ყველაფერი ლოგიკურ კავშირშია ერთმანეთთან.

ომზე მსჯელობისას, კლაუზევიცი რამოდენიმე გარემოებას მიაქცევს ყურადღებას:

განსჯისთვის, ომი კატეგორიაა, რომლის შინაარსი სამ ვითარებას ეყრდნობა. ესენია დაპირისპირება, ძალადობა და მოწინააღმდეგის დამორჩილების ნება. აღქმისთვის ომი ძალადობა, შემთხვევითობა და გაურკვევლობაა, ხოლო ფიზიკურ პლანში, რეალურად, როგორც ის მიმდინარეობს და რაც ჩვენი აღქმის მასალას შეადგენს, ანუ ომი, როგორც მოვლენა, რომელიც ჩვენივე აღქმის შედეგად, ჩვენი განსჯის საგნადაა ქცეული – შეიარაღებულ ძალთა დაპირისპირებაა, რომელიც მეომარ მხარეთა მიერ პოლიტიკურ მიზანდასახულობათა მისაღწევად გამოიყენება. შესაბამისად, ზოგადად, ომი გვევლინება როგორც  ძალადობა, დაპირისპირება, შემთხვევითობა და გაურკვევლობა. ეს, ასე ვთქვათ, მისი ობიექტური მხარეა, ის, რაც ყველა ომისთვის საერთოა, და სხვათაშორის, ის, რაც უცვლელად გადადის ეპოქიდან ეპოქაში და, როგორცა ჩანს,  რაც მის რეალურ ბუნებას წარმოადგენს. ხოლო ის, რაც ნებისმიერ ომს უნიკალურს ხდის, ასე ვთქვათ, მისი სუბიექტური პლანი, ეს – სამხედრო ძალები, მათი დოქტრინები, შეიარაღება, სპეციფიკური გეოგრაფიული გარემო და ის შეზღუდვები გახლავთ, რომელიც თითოეული სამხედრო დაპირისპირებისთვის განსხვავებულია და დამახასიათებელი. ორივე პლანი იმდენად მჭიდროდაა გადახლართული, იმდენად ზემოქმედებს ერთმანეთზე, რომ შეუძლებელი ხდება მათი დაცილება. თუმცა, ამავე დროს, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ისიც, რომ ამ ორი ფაქტორის ერთიანობას სჭირდება ერთგვარი მამოძრავებელი, რაც ყველაფერს, რასაც ჩვენ ომს ვუწოდებთ, მოძრაობაში მოიყვანს და პროცესის სახეს მიცემს. ასეთი მამოძრავებელიც სამია კლაუზევიცისთვის. სამივე, სხვათა შორის, თანაბარმნიშვნელოვანი, რასაც ის საკვირველ (განსაცვიფრებელ) სამებას უწოდებს: პოლიტიკის გავლენა, ალბათობა და ძირეული (ალბათ, უფრო, სიღრმისეული) მტრობის განცდა, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს ომისკენ უბიძგებს. ობიექტურ სიბრტყეში, აღნიშნული სამება წარმოადგენს სამ დინამიურ ძალას, რომელიც ომის მსვლელობას განსაზღვრავს:

•           მიმართულების განმსაზღვრელი ზეგავლენა

•           ალბათობის თამაში (შემთხვევითობა)

•           სიღრმისეული შუღლი (მაგ. მეზობელ ეთნოსებს შორის).

სუბიექტურ სიბრტყეში კი, სამება არის

•           ხელისუფლება – მიმართულების მიმცემი ზეგავლენა

•           სამხედრო ძალა – შემთხვევითობის შემომქმედი

•           ხალხი (გერმანულად Folk) – ომის წარმოების სერიოზული ემოციური რეზერვი.

ამგვარად, კლაუზევიცის მიხედვით, ომს სამი აქტორი ჰყავს, სამივე თანაბარად მნიშვნელოვანი და ომზე მსჯელობისას რომელიმე მათგანის უგულვებელყოფას ნებისმიერი თეორია ჩიხში შეჰყავს. ამგვარად, ტრიადა მთავრობა-არმია-ხალხი წარმოადგენს იმ ღერძს, რაზედაც ომის თეორია უნდა დაფუძნდეს. ამათგან, მთავრობა პოლიტიკურად მართავს ომს, ხალხი წარმოადგენს შინაგანი სიძულვილის მატარებელ სუბსტრაქტს, ხოლო არმია, ამ ხალხის სახელით, პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისათვის იბრძვის. ომის ამდაგვარი გააზრება ბუნებრივად იკვეთება სახელმწიფოს იმ მოდელიდან, რომელიც ვესტფალის ზავის შემდეგ გაბატონებულ მოდელად იქცა ევროპაში. თუმცა, როგორც კი სახელმწიფოები ომის ერთადერთ მწარმოებელ სუბიექტებად გარდაიქმნენ, მთავრობას, არმიას და ხალხს შორის ჩნდება ნაპრალი, რომელიც იმდენად ღრმავდება, რომ უკვე XVII საუკუნისთვის ხალხი საერთოდ ჩამოცილებული იქნა ომიდან და ამის ინსტიტუციონალიზაცია საერთაშორისო სამართლის ძალითაც იქნა გამყარებული: პირებს, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეებს არ წარმოადგენენ, მოტივაციის მიუხედავად, ეკრძალებათ ომი. დღესაც, ე.წ. ინსურგენტები არ ითვლებიან პირებად, რომელთაც ომის კანონი იცავს ისე როგორც იცავს სამხედრო მოსამსახურეებს. სხვა სიტყვებით, პარტიზანები, სხვადასხვა ფორმით თავისუფლებისათვის მებრძოლები,  და ა.შ.  კანონგარეშე დგებიან საერთაშორისო სამართლის ძალით და მათ მიმართ ამავე სამართლით ნაგულისხმევი ჰუმანური მოქცევის ვალდებულება, სამხედრო მოსამსახურეებთან შედარებით, ბევრად ნაკლებია.   ერთი არასასურველი შედეგი ამ ვითარებიდან, სხვათა შორის, გახლავთ ისიც, რომ არც ეს ადამიანები გრძნობენ რაიმე ვალდებულებას საზოგადოების წინაშე ჰუმანურობის კუთხით. აქ ერთი საინტერესო პასაჟია: კლაუზევიცს მიაჩნდა, რომ ნაპოლეონის წარმატებათა საიდუმლო არა მხოლოდ მის გამჭრიახობაში, არამედ იმ ვითარებაშიცაა, რომ მან ხალხი, როგორც ომის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე, ბრძოლის ველს დაუბრუნა და ამდენად, ომის ინსტრუმენტი – არმია, ძლიერი მორალური და ემოციური მუხტით დატვირთა.

ერთი შეხედვით, ისე ჩანს, თითქოს ზემოთ მოტანილ მსჯელობას წმინდა თეორიული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ. ეს ერთი შეხედვით. სინამდვილეში მას გაცილებით მნიშვნელოვანი პრაქტიკული კონოტაციები გააჩნია.

პირველი – ის გარემოება, რომ განსჯისთვის ომი ძალადობრივ დაპირისპირებაზე აგებული საკუთარი ნების რეალიზაციის პროცესია, ლოგიკურად გვკარნახობს მისი ეფექტურად წარმართვის ალგორითმს: ეს რომ შესაძლებელი გახდეს,  მოწინააღმდეგე იმდენად მძიმე ვითარებაში უნდა       ჩავაყენოთ,             რომ ჩვენ მიერ მისგან თავდაპირველად მოთხოვილი დათმობანი             უფრო მსუბუქი აღმოჩნდეს. მას ეს ძლიერ მოტივაციას უჩენს დანებებისათვის და ჩვენი პოლიტიკური ნების რეალიზაციის ალბათობას აძლიერებს.  ამგვარად, იკვეთება, რომ ჩვენი ნების განხორციელების პირობა გახლავთ თუ როგორ მოვახერხებთ მოწინააღმდეგეს წინააღმდეგობის სურვილი და უნარი წავართვათ. საკითხის ამდაგვარი დაყენება გვეხმარება სწორად განვსაზღვროთ საომარ მოქმედებათა მიზანი და მთავარი სამიზნეც: ვინაიდან სახელმწიფოსაგან წინააღმდეგობის უნარს სამი ურთიერთგადაჯაჭვული ფაქტორი განსაზღვრავს – შეიარაღებული ძალები, ტერიტორია, წინააღმდეგობის ნება, ამიტომ საომარ მოქმედებათა ფოკუსი ამ სამი ფაქტორის ნეიტრალიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული. ხოლო, ვინაიდან შეიარაღებული ძალები როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე წინააღმდეგობის ნების სიძლიერის ძირითადი საყრდენია, ამიტომ მთავარი დარტყმის ობიექტად სწორედ ისინი უნდა იქცნენ. აქედან გამომდინარეობს კლაუზევიცისათვის ერთი მეტად მნიშვნელოვანი დასკვნა: ბრძოლა ომის მოგების ერთადერთი ინსტრუმენტია, ხოლო მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების უთუო განადგურება – ერთადერთი სამხედრო ამოცანა.

მეორე შედეგი პირველითაა განპირობებული – თუ კი შეიარაღებული ძალების განადგურება აუცილებლობაა, მაშინ ომის მოგების სტრატეგიის ამოცანად ასეთი შესაძლებლობის განხორციელებადობის პირობების შექმნა უნდა იყოს. ხოლო თუ ბრძოლა ერთადერთი ინსტრუმენტია, მაშინ აღნიშნული პირობები ბრძოლის ან ბრძოლების შედეგების ექსპლუატაციაში უნდა ვეძიოთ. შედეგად, სტრატეგია ბრძოლების ომის მიზნების რეალიზაციისთვის გამოყენების ხელოვნებაა.

მესამე შედეგი ასევე ლოგიკურად აგრძელებს ზემოთქმულს: ომის გეგმა ისეთი ბრძოლის გამართვის ვარაუდს უნდა ეყრდნობოდეს, რომელიც მოწინააღმდეგის სამხედრო ძალის ერთბაშად განადგურების წინაპირობას შექმნიდა. სხვა სიტყვებით, ისეთი ვითარება უნდა შევქმნათ, რომ მოწინააღმდეგე გენერალურ ბრძოლაზე „წამოვიკიდოთ“ და ამ ბრძოლაში მარცხი განვაცდევინოთ. ხოლო შედეგი რომ გარანტირებული გვქონდეს, ამ ბრძოლაში მაქსიმალური ძალისხმევა უნდა ჩავდოთ: სხვანაირად, ყველაფერს ჩვენ თვითონ დავკარგავთ. მაქსიმალური ძალისხმევა, სხვათა შორის, ძალთა მაქსიმალური დაძაბვის გარდა, უკიდურეს მორალურ დაძაბულობასაც გულისხმობს. არც გულმოწყალება და არც კეთილშობილება ბრძოლებს არ იგებს. მეტიც, უსისხლოდ ბრძოლის მოგების პერსპექტივა კლაუზევიცს საშიშ ილუზიად მიაჩნია.

მეოთხე, და ალბათ, ყველაზე არსებითი, აქ გახლავთ ის, რომ მთელი მსჯელობის პროცესში, გონება მხოლოდ თავის თავსა და ლოგიკას ეყრდნობა. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამდაგვარად გააზრებული ომისთვის თეორიის აგება შესაძლებელია. სხვა საკითხია ამ თეორიის გამოყენების საზღვრები. თუმცა, ამაზე ოდნავ ქვემოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ომი თავის იდეალურ გამოვლენაში ერთიანი და ლოგიკურია, ის რაც ჩვენს აღქმაში შემოდის, სრულიად საპირისპირო ნიშნებს ავლენს. ამის თავდაპირველი მიზეზი, როგორცა ჩანს, იმ გარემოებაში უნდა ვეძიოთ, რომ ომს ორი დაპირისპირებული მხარე აწარმოებს. ეს არ არის ერთი მხარის ზემოქმედება უძრავ მასაზე და მეორე მხარესაც ისეთივე მიზნები ამოძრავებს, როგორიც ჩვენ. ეს გარკვეულ წინააღმდეგობას უქმნის ჩვენი თავდაპირველი გეგმების განხორციელებას და შედეგსაც იმთავითვე გაურკვეველს და სათუოს ხდის.

თუმცა, ეს არ გახლავთ ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ რეალობაში ომი, როგორც ურთიერთობის ფორმა, რიგ შეზღუდვებს აწყდება, რაც მისი ბუნების სრულად გამოვლენას არათუ ხელს არ უწყობს, არამედ, კლაუზევიცის გამოთქმა რომ გამოვიყენოთ, ყოველ ომს „მეტ-ნაკლებად“ ომად გარდაქმნის. მეტიც, თუ კი ომების ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ის სურათი, რასაც ისტორია იძლევა, ანუ ომები, რომელიც ისტორიის განმავლობაში ხდებოდა, იმდენადაა დაცილებული ომის ბუნებისაგან, რომ შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს აბსოლუტური ომის განხილვის აზრიანობაში. ასე საკითხს კლაუზევიცი სვამს და იქვე დასძენს, რომ ეს ასეც იქნებოდა, რომ არა ნაპოლეონ ბონაპარტე  და მის მიერ წარმოებული კამპანიები, როდესაც რელობა მაქსიმალურად დაუახლოვდა თავის იდეალს და ომმა მისი ნამდვილი ბუნება ხელშესახები გახადა. ხოლო ვინაიდან, ის რაც ერთხელ მოხდა, შესაძლოა ისევ განმეორდეს, ომის ბუნების შესახებ თეორიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება: ის ერთადერთი გზამკვლევი და ორიენტირი ხდება ნებისმიერი ომის ხასიათის გახსნისას.

 „ომი არ იწყება მანამ, სანამ დადგენილი არა გვაქვს, თუ რისი მიღწევა გვსურს ომის მეშვეობით და რისი მიღწევა გვსურს ომის მსვლელობისას. პირველი – ომის საზრისს წარმოადგენს, ხოლო მეორე – ომის მიზანს. .…. პირველ თავში ვნახეთ, რომ სამხედრო მოქმედებათა ბუნებრივ მიზანს მოწინააღმდეგის განადგურება შეადგენს. წმინდა ფილოსოფიურ თვალსაზრისზე რომ დავდგეთ, სხვა მიზანი ომს არც გააჩნია. ომში შეუძლებელია რაიმე პაუზის არსებობა, სანამ ერთი მხარე ნამდვილად არ იქნება განადგურებული. . . თუმცა რეალობაში საქმე სხვაგვარადაა. და ეს ხდება იმ მოვლენათა გამო, რომელსაც სახელმწიფოში ადგილი აქვს და რომლებიც შეხებაშია ომთან. . .“

ეს ძალიან საყურადღებო პასაჟია. ომს სახელმწიფო აწარმოებს და მისი ეფექტური მართვა უამრავ პარამეტრზე თავად სახელმწიფოს შიგნით არის დამოკიდებული. იმ დაწესებულებათაგან, რომლებიც ომთან შეხებაში მოდიან, თითოეული ბევრნაირ მიმართებაშია ჩართული როგორც ერთმანეთთან, ასევე უშუალოდ ბრძოლების მიმდინარეობის დინამიკასთანაც. ეს კი უკვე ნოყიერ ნიადაგს ქმნის სხვადასხვა შემთხვევითობისა და ალბათობისათვის, იღბლისა და უიღბლობისათვის, რის გამოც „უკვალოდ ქრება მკაცრი ლოგიკური დასკვნების მიმდევრობა“.

ძირითადი შედეგი, რომელიც ამ მსჯელობიდან გამომდინარეობს, გახლავთ ის გარემოება, რომ ასეთ ვითარებაში, ერთბაშად ამდენი ცვლადი პარამეტრის ფონზე, ვერანაირი თეორია საყრდენს ვერ პოულობს. მეტიც, ყველა კონფლიქტი, ამ ფონზე იმდენად ინდივიდუალურია, რომ კონკრეტული ომისათვის თეორია ცალკე უნდა აიგოს. გასაგებია, რომ ამ თეორიათა სიმრავლისთვის იდეალური ომის თეორია სინამდვილეში ომის მეტათეორიაა. ამიტომაც ხდება ის ორიენტირი. მეორეს მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ რეალური ომისათვის ზოგადი თეორიის აგება შეუძლებელია.

აქედან კიდევ ერთი, საინტერესო მოსაზრება გამომდინარეობს: რეალურ ომში, სწორედ დასახელებულ მიზეზთა გამო, წინა პლანზე პოლიტიკა გამოდის და თუ კი იდეალური ომი საყრდენს ომისავე ბუნებაში ნახულობს, რეალური ომის შემთხვევაში, ასეთი საყრდენი პოლიტიკაა. ამდენად, მოარული ხედვა ომისა, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტისა, მხოლოდ რეალურ ომზე ვრცელდება. ეს კი ნიშნავს, რომ რამდენადაც დაუახლოვდება ომი თავის იდეალს, იმდენად შემცირდება სხვაობა პოლიტიკასა და ომის იდეალს შორის.

წინასიტყვაობაში, რომელსაც კლაუზევიცი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე წერდა, ნათქვამია შემდეგიც:

„სისტემატური, ღრმა და შინაარსიანი ომის თეორიის დაწერა, ალბათ, შესაძლებელია, მაგრამ ყველა აქამდე გამოქვეყნებული თეორია შორსაა ამ იდეალისგან. . .“

დღეს ჩვენ იგივე შეგვიძლია ვთქვათ თავად კლაუზევიცზე. თუმცა, მისი ყველაზე დაუნდობელი კრიტიკოსი, XX საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ომის თეორეტიკოსი და ირიბი მიდგომის სტრატეგიის ავტორი, ლიდელ ჰარტი  გახლავთ. ლიდელ ჰარტს საკმაოდ მწვავე შეფასება ეკუთვნის კლაუზევიცის შრომისა: კერძოდ, მას მიაჩნია, რომ კლაუზევიცის წიგნი, თუმცა თემატურად გენერლებისთვის არის განკუთვნილი, სინამდვილეში, კაპრალებისათვის დაწერილი აღმოჩნდა. რამ გამოიწვია ასეთი მიდგომა?

ლიდელ ჰარტს მიაჩნდა, რომ კლაუზევიცის ნააზრევში რამოდენიმე პრინციპული ხასითის დაშვება იყო, რომელთა მცდარ ინტერპრეტაციას ის გარემოებაც აადვილებდა, რომ კლაუზევიცის ხელნაწერი მეტად ბუნდოვანი ენითა და კანტიანური ტერმინოლოგიით იყო გაჯერებული. თვითონ კლაუზევიციც არ გახლდათ ფილოსოფოსი. ამის გამო მისი კანტიანელობაც ზედაპირულია, რაც არანაირად არ უწყობდა ხელს ბუნდოვანების მოხსნას. ამდაგვარი წიგნი, კონსერვატორული ბუნების სამხედროების ხელში მხოლოდ იმით თუ აღმოჩნდებოდა საინტერესო, თუკი მასში ნაცნობ და მიმართულების განმსაზღვრელ ფრაზებს ამოიკითხავდნენ. ამდაგვარი ფრაზეოლოგია კი უხვად აღმოჩნდა წიგნის იმ ნაწილში, რომელიც სტრატეგიის განსაზღვრას, თავდაცვისა და შეტევის ურთიერთმიმართებას, ომის მიზანსა და ომის გეგმას ეხებოდა. მნიშვნელოვანი გავლენა, ამ მხრივ, იდეალური ომის დახასიათებას და მის ორიენტირად ცნობას უნდა მოეხდინა. განსაკუთრებული სიბეჯითით კლაუზევიცის თანამემამულენი გამოირჩნენ. მეტიც, გენერალ მოლტკეს მიერ ბრწყინვალე სტილში მოპოვებულმა გამარჯვებებმა, რაც მოლტკეს მხედართმთავრული ნიჭის გარდა, კლაუზევიცის გავლენასაც მიეწერა, ასე ფრაზებად ამოკითხული თეორია, ევროპის მეტ წილ ქვეყნებში, ომის ოფიციალურ დოქტრინად აქცია. აღნიშნული დოქტრინა ასორმოცდაათ წელზე მეტია გაბატონებულ ხედვას წარმოადგენს, რამაც დიდ წილად განსაზღვრა ორივე მსოფლიო ომის სამხედრო მოქმედებათა სტრატეგია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ორ მსოფლიო ომში, რეალური ომი უფრო ახლოს მივიდა თავის იდეალთან, ვიდრე ნაპოლეონის დროს. შედეგი ბევრჯერ გაუმართლებელი და ბევრჯერ უაზრო ხოცვა-ჟლეტა გახლდათ.

კლაუზევიცის უდიდეს დამსახურებად ლიდელ ჰარტს ომის ფსიქოლოგიურ და მორალურ ფაქტორთა მნიშვნელობის ხაზგასმა მიაჩნდა. მაგრამ, სწორედ ეს ასპექტი იქნა უგულებელყოფილი კლაუზევიცის „ნაკლებ ნიჭიერ“ მიმდევართა მიერ. თუმცა, მიაჩნია ლიდელ ჰარტს, ასეთი უგულებელყოფისა და „ცუდი“ ინტერპრეტაციის შესაძლებლობაში მთავარი მიზეზი მაინც თვითონ კლაუზევიცია:

პირველი, ლიდელ ჰარტის აზრით, კლაუზევიცი გადაჭარბებით აფასებს სახმელეთო ძალების მნიშვნელობას და მან ბოლომდე ვერ ამოიცნო საზღვაო სტრატეგიის მნიშვნელობა კონტინენტალური დაპირისპირებისათვის. მეორე – ახლოვდებოდა მექანიზაციის ერა, და ამის ნიშნები ჩანდა კიდევაც. თუმცა კლაუზევიცს გამჭრიახობა არ ეყო, გამოეცნო მომავალი ომის კონტურები. სწორედ ამიტომ, სახმელეთო ძალების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ომის ძირითად პრინციპად მას მასის პრინციპი მიაჩნდა, რაც უფრო და უფრო მზარდი რიცხოვნობის არმიების შექმნისკენ უბიძგებდა ევროპელებს. ის, რომ სახელმწიფოთა უმეტესობისთვის გაწვევა სავალდებულო პროცედურად იქცა, სწორედ ამით იყო ნაკარნახევი: შეუძლებელია სხვაგვარად უფრო იაფად მოახდინო დიდი მასების მობილიზება. შედეგად, დაეცა არმიების პროფესიონალიზმი და მორალურ ფაქტორთა უგულებელყოფის ფონზე, არმიები, მათი რიცხოვნობის მიუხედავად, ნაკლებად მყარი (ბრძოლისუნარიანი) გახდა.

კლაუზევიცისადმი ამდაგვარი მიდგომა, შესაძლოა, გადაჭარბებულად მიიჩნიოს ვინმემ. მაგრამ, ფაქტია, რომ „დიდი ომის“ ცდუნებამ ევროპას მხოლოდ 1945 წელს გადაუარა. თავად ლიდელ ჰარტიც, როგორს მასიური დაბომბვების სტრატეგიის ერთ-ერთი თანაავტორი, აღიარებს, რომ იმ დამანგრეველი მორალური ზემოქმედების მიუხედავად, რაც ასეთ დაბომბვებს ახლდა, მათ არც ომის დამთავრება დააჩქარეს, და არც წინააღმდეგობის ნება გატეხეს მაინცა და მაინც. სწორედ ამაზე რეფლექსიამ მიიყვანა ლიდელ ჰარტი აზრამდე, რომ „დიდი ომი“, რისი თეორიის შექმნა ასე ეწადა კლაუზევიცს, არის ჩიხი, ხოლო მისი მოძღვრება, როგორც იდეოლოგია ასეთი ომისათვის – უკან გადადგმული ნაბიჯი სამხედრო ხელოვნების განვითარებაში – „შებრუნებული რევოლუცია“.

რა შეიძლება ითქვას ერთგვარი შეჯამების სახით? თავის მიერ დასმული შემეცნებითი პრობლემა კლაუზევიცმა მართლაც კანტიანურ სტილში გადაჭრა: ომის, როგორც მოვლენის შესახებ შეგვიძლია ვიცოდეთ მხოლოდ ის, რასაც ჩვენივე განსჯა გვთავაზობს. ამიტომაცაა შესაძლებელი მისი თეორიის აგება და მხოლოდ ასე აგებული თეორია ექვემდებარება ლოგიკის მკაცრ წესებს. რაც შეეხება დროსა და სივრცეში მიმდინარე ომებს, მათ შესახებ ცოდნა შეუძლებელია, ვინაიდან შეუძლებელია თეორია, რომელიც ასეთი ომების ზოგად ხასიათსა და დანიშნულებას გახსნიდა. თითოეული მათგანი ინდივიდუალურია, თითოეული მათგანი „მეტ-ნაკლებად ომია“ და თითოეულს გათითოებული თეორია სჭირდება, რომელიც, მკაცრად რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი გაგებით, სულაც არ გახლავთ თეორია. ის რომ ომი პოლიტიკის გაგრძელებაა, ან მისი ინსტრუმენტი, მხოლოდ გარკვეულ დროსა და სივრცეში მიმდინარე ომებს ეხება და ეს დრო და სივრცე ვესტფალის ზავმა გააჩინა ევროპაში. სწორედ ეს სივრცე და დრო ჰქონდა, როგორცა ჩანს, კლაუზევიცსაც მხედველობაში და მხედველობიდანაც, სწორედ ეს ვითარება რჩება მის მკითხველს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ კლაუზევიცს, უბრალოდ, როგორც ეს ხშირად მოსდით ჯარისკაცებს, იღბალმა უმტყუნა: მისი წიგნის თავდაპირველი და ბეჯითი მკითხველები, ძირითადად, ასევე ჯარისკაცები იყვნენ.

 

გამოყენებული ლიტერატურა :

1. Carl von Clausewitz. ON WAR. Prinston, NJ, Prinston University Press, , 1984

2. B.H.Liddel Hart. STRATEGY. Decisive Wars of Histiry. New York, Praeger, 1967

 

ავტორი – დავით თევზაძე

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.