დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში - ბოლო ინფორმაცია მოამბეში
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 16 ათასს აღემატება. აქედან მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 14 ათასზე მეტი ადამიანი. დაშავებულია 70 ათასამდე პირი. მაშველებმა ქალაქ გაზიანთეფში მიწისძვრიდან 62 საათის შემდეგ, კიდევ ორი ქალის გადარჩენა შეძლეს. ნაპოვნია ავსტრალიის მოქალაქის ცხედარიც. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ზონაში იმყოფება თურქეთის პრეზიდენტი. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ხელისუფლების მიზანია, დაზარალებული 10 პროვინციის სრული აღდგენა. ერდოღანის განცხადებით, შეუძლებელია ამ მასშტაბის კატასტროფას მომზადებული შეხვდე.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ახლა „ერთიანობისა და სოლიდარობის დროა. იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა ახლა ყველაფერი კონტროლის ქვეშაა“.
სირიაში კი დაღუპულია 3 100-ზე მეტი ადამიანი. მათგან 1 900 მოქალაქე მეამბოხე ძალების მიერ კონტროლირებად რაიონში დაიღუპა, სადაც არასამთავრობო ჰუმანიტარული ჯგუფის, „თეთრი ჩაფხუტების“ განცხადებით, დასახმარებლად სამაშველო ჯგუფებიდან ამ დრომდე არავინ მისულა და მათ საკუთარი ძალებით უწევთ სტიქიის შედეგებთან გამკლავება. 1 260 ადამიანია დაღუპული ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სირიის ხელისუფლებამ ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით ევროკავშირს მიმართა, რომელიც 3 მილიონზე მეტი ევროს ღირებულების დახმარებას გამოყოფს. ასევე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყანა მუშაობს მეზობელ სირიასთან დამატებით ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნაზე, რადგან მოქმედ პუნქტებამდე მისასვლელი გზა სტიქიის შედეგად დაზიანდა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას დაბრკოლება ექმნება.
ორი დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მოხდა, ბიძგების სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდა შეადგინა.