თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, მეცხრე დღეა სამძებრო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულთა რაოდენობა 31 600-ს აღემატება. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ამჟამად სტიქიის ზონაში 238 ათასზე მეტი მაშველი მუშაობს. საგარეო უწყების მონაცემებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 77 ქვეყნის 9 400 მაშველია ჩართული. ვრცელდება ვიდეოკადრები, რომ მაშველებმა ჰათაის პროვინციაში ნანგრევებში ყოფნის 182 საათის შემდეგ, 13 წლის გოგონა ამოიყვანეს ცოცხალი.
რაც შეეხება თურქეთის მეზობელ სირიას, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას ქვეყანაში, ამ დროის მონაცემებით, 5 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გაერო-ს ცნობით, სირიის მთავრობა დათანხმდა კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნას ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი აცხადებს, ეს ადგილზე ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან აქამდე ჰუმანიტარული ტვირთი სირიაში მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შედიოდა.