კინოთეატრ „ამირანთან“ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 21 პირის საქმის განხილვა გადაიდო, ერთს კი 500-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა. საქმის გადადებით მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც მტკიცებულებების გაცნობისთვის ვადას ითხოვდა.
ადმინისტრაციული სახდელი, 500 ლარი დაეკისრა მერაბ ჭიკაიძეს და იგი მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო. ასევე საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სასულიერო პირის, ლევან ამირაჯების საქმე, რომელიც ასევე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული და არ დაეთანხმა ადვოკატის შუამდგომლობას, საქმის გადადების თაობაზე. მისი საქმის განხილვა 11 დეკემბერს გაგრძელდება და სამართალდამცავმა უწყებამ დამატებითი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. ადვოკატის ინფორმაციით, გუშინ აქციაზე დაკავებული ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
ოფიციალური ინფორმაციით, თბილისსა და ბათუმში გამართული აქციების დროს საერთო ჯამში 28 პირია დაკავებული. მათგან 27 ადმინისტრაციული წესით, ერთი კი ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დააკავეს. გამოძიება კიდევ სამ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს. მათ შორისაა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობა, ასევე პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტი, რა დროსაც გამოძიების ინფორმაციით, ორი სამართალდამცველი დაშავდა. ასევე სისხლის სამართლის წესით გამოძიება მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებაზე.