„დაიცავი დავით გარეჯი! – ამ ლოზუნგით და მოწოდებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, მხარდამჭერებთან ერთად, ამჯერად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. პარტიის ლიდერებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე. მათი თქმით, პროტესტის მთავარი მიზანია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახოს, რომ მოსახლეობა დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს. ასევე, აღინიშნა, რომ საჭიროა, წინა ხელისუფლების დროს მოქმედი სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობის გამოძიება დაიწყოს.
„პატრიოტთა ალიანსის“ აქციის დაწყებამდე, თავისუფლების მოედანზე „ევროპული საქართველოს“ წევრები მივიდნენ. მათ საკრებულოს შენობიდან ნატო-ს დროშა გადმოფინეს წარწერით „ნატო აქაურობას“. პარტიის წარმომადგენლებმა ამ ფორმით კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. მოგვიანებით, ბანერი „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა პირმა ჩამოგლიჯა.